თეგი: გიორგი ბადრიძე

გიორგი ბადრიძე: „ნაბუქოს“ ჩაშლა ყველაზე დრამატული აღმოჩნდა ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებმაც პროექტს პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

Europetime-მა დაიწყო ახალ რუბრიკა, რომელიც რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და საქართველოს სატრანზიტო როლს ეხება. რუბრიკაში შემოგთავაზებთ საინტერესო სტატიებს, უცხოელი და ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს და ბლოგებს, შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად ვართ  მზად ახალ რეგიონულ გადალაგებებში ჩვენი ადგილის დასაკავებლად და პოზიციების გასამყარებლად. გვაქვს თუ არა ამბიცია და შესაძლებლობაც, ქვეყანა გახდეს აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბი.  რატომ არ დაიწყო „ნაბუქოს“ მილსადენის მშენებლობა? რა გახდა მიზეზი და ვინ გამოუტანა ამ პროექტს ,,სასიკვდილო განაჩენი,, ვინ იზარალა და ვინ მოიგო? რას მოუტანს საქართველოს „ნაბუქოს“ პროექტის გაცოცხლება და რა შესაძლებლობები არსებობს ამისთვის? უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის გაზის ბაზარზე შექმნილ ვითარებასა და „ნაბუქოს“ გაზსადენის პროექტის რეანიმირების შესაძლებლობას, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე Europetime-თან განიხილავს. „ნაბუქოს“ პროექტის წამოწევა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებს დასავლეთი, კერძოდ გერმანიის, ავსტრიისა და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელობა მიმდინარე ომს უკრაინაში. თუ მათ აქვთ იმედი, რომ როგორმე ესკალაციის კერას ჩააქრობენ და რუსეთთან აღადგენენ ნორმალურ ურთიერთობას გაზის შესყიდვის საკითხში, მაშინ რა თქმა უნდა „ნაბუქოს“ არანაირი შანსი არ აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი საკმაოდ ღრმადაა ილუზიებში ჩაფლული ან რუსეთს კორუფციით უფრო ღრმად აქვს შეღწეული დასავლეთის პოლიტიკურ და ბიზნესწრეებში“, - ამბობს ბადრიძე. ნაბუქო (Nabucco) — გაზსადენის მაგისტრალის პროექტი, რომელსაც ცენტრალური აზია  რუსეთის გვერდის ავლით ევროპის ქვეყნებთან უნდა დაეკავშირებინა. გაზსადენის სიგრძე უნდა ყოფილიყო 3,3 ათასი კმ, საპროექტო სიმძლავრე — 26-32 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა 2013 წლისთვის. პროექტის ღირებულება €7,9 მილიარდად შეფასდა. გაზსადენის მშენებლობის კონსორციუმში მონაწილეობენ კომპანიები: OMV Gas GmbH (ავსტრია), Botas (თურქეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), S.N.T.G.N. Transgaz S.A. (რუმინეთი), MOL Natural Gas Transmission Company Ltd. (უნგრეთი). „ნაბუქოს“ პროექტი ითვალისწინებდა კასპიური გაზის ევროპაში გატანას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაგრძელება უნდა გამხდარიყო და ყოველწლიურად 20-30 მილიარდი კუბურიმეტრის გაზის გაატრებას უზრუნველყოფდა. გიორგი ბადრიძე Europetime-თან ამბობს, რომ „ნაბუქოს“ პროექტის ჩაშლა ყველაზე დრამატული აღმოჩნდა ევროპის ქვეყნებისთვის, რომელთაც თავის დროზე პროექტს პრაქტიკულად „სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს“. „ნაბუქოს“ პროექტის ჩაშლის მიზეზი იყო ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური კონტექსტიც, რომელიც ასეთ დიდ პროექტებს ხშირად თან ახლავს. ევროკავშირის ქვეყნები, რა ვითარებაშიც არიან დღეს, მათმა ყოყმანმა, ზოგჯერ საეჭვო გარიგებებმა რუსეთთან სხვადასხვა ინტერესის ზემოქმედებამ განაპირობა. შედეგად, მათ განაჩენი გამოუტანეს და პრაქტიკულად მოკლეს „ნაბუქო“, რომლის განხორციელების შემთხვევაში ევროპა „გაზპრომის“ პირისპირ კრიზისულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა. ევროკავშირს, ექნებოდა მხარდაჭერა და დივერსიფიცირებული ენერგეტიკული უსაფრთხოება. „ნაბუქო“ ევროპისთვის უფრო დიდი დანაკარგია ვიდრე საქართველოსთვის. ჩვენთვის ხელსაყრელი იქნებოდა ტრანზიტით გაზის უფრო დიდი ნაკადების გატარება, ევროპას კი ეს პროექტი რუსულ გაზზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდიდა “, - აცხადებს ბადრიძე. შესყიდვების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპისთვის რუსული გაზი კრიტიკულად აუცილებელია. 2021 წელს ევროკავშირმა 155 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეისყიდა. ესაა ევროპული გაზის იმპორტის 45% და გაზის მოთხოვნის 40% (საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო). საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტის შეფასებით, ეს მონაცემები უკვე საკმარისია, რომ რუსეთმა შეძლოს მანიპულირება. ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ „გაზპრომმა“ ბულგარეთსა და „პოლონეთს“ გაზის მიწოდება შეუჩერა. „დღეს ევროკავშირი დამოკიდებულია ერთ მომწოდებელზე სრულად, რომელიც დადასტურებული გეოპოლიტიკით მოქმედებს და ღიად აქვს გაცხადებული, რომ გამოიყენებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს პოლიტიკური ნიშნებით. ამ  დამოკიდებულებაში თავის ჩაყენების გამო პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკოსებსა და ხელისუფლებებს ვინც ამ არჩევანით ევროკავშირი ამ ვითარებამდე მიიყვანა. სამწუხაროდ, მათ არჩევანი გააკეთეს პირველ რიგში არა ენერგორესურსების დივერსიფიკაციაზე, არამედ რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთკავშირზე. ამისთვის დასავლური ქვეყნების საზოგადოებამ პოლიტიკურ და ბიზნესლიდერებს პასუხი უნდა მოსთხოვოს“.  „ნაბუქოს“ ახალ სიცოცხლეზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გაჟღერებულა. თუმცა ცნობილია, რომ აზერბაიჯანი ზრდის მოწოდებას ტრანსადრიატიკული მილსადენით, მაგრამ წარმადობა ბევრად უფრო დაბალია. „აზერბაიჯანს გაზის უზარმაზარი მარაგი აქვს. ჩვენი საბადოების მარაგი კასპიის ზღვაში შეადგენს 2.6 ტრილიონს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას, თურქეთსა და ევროპას დიდი ხნით მივაწოდოთ გაზი, " - აღნიშნა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰაბაზოვმა 2022 წლის მარტში დიპლომატიურ ფორუმზე ანტალიაში და იქვე განმარტა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდების ზრდა ვერ მოხდება ისე სწრაფად, როგორც ეს თურქეთის შემთხვევაში, ამისათვის მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ. „ყველაზე დიდი ალტერნატივა არის მილსადენის გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან, რასაც თეორიულად შესაძლოა დაემატოს თურქმენეთი. ინსფრასტრუქტურულად ეს არაა ძალიან რთული, რადგან თურქმენეთი ყოველთვის ამბობდა, რომ მოიყვანეთ ჩემამდე მილი და მე ნედლეულს მოგყიდით. ვფიქრობ, თურქმენეთის საკითხი ძალიან აქტიურად უნდა იდგეს დღის წესრიგში, მაგრამ არ მსმენია რომ ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯები გადადგმულიყოს“, - აცხადებს ბადრიძე. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირის ქვეყნები რუსული გაზის ალტერნატივას სხვა მიმართულებით ეძებენ. გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ „ნაბუქოს“ პროექტის გაცოცხლება დიდწილად გერმანიასა და ავსტრიაზე იქნება დამოკიდებული.  „ამ პროექტის წამოწევა დამოკიდებულია გერმანიაზე და მეტ წილად ავსტრიაზე, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე რუსული გაზის მთავარი იმპორტიორები არიან და მეორე მხრივ იმ ქვეყნებზე, რომელთაც აქვთ ინფრასტრუქტურული კავშირი „ნაბუკოს“ პროექტთან. აქ პირველია ავსტრია, რადგან იქაა გაზის გამანაწილებელი მთავარი კვანძი, რომელსაც უნდა დაჰკავშირებოდა „ნაბუქოს“ მილსადენების სისტემა“. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ყველაზე მტკივნეულად რუსული გაზის ემბარგოს საკითხს ავსტრია და გერმანია განიხილავს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან, ეს ორი ყველაზე მეტადაა დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე.  „ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ გაზის ემბარგოს გარდა, ყველა სანქციას ემხრობა“, - განაცახდა ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა მაგნუს ბრუნერმა. მისი თქმით, ავსტრიის წარმოება იმდენადაა დამოკიდებული, რუსულ გაზზე, რომ სხვა „არჩევანი არ აქვთ“. „როცა სანქციები ჩვენ უფრო დაგვარტყამს, ვიდრე იმ ქვეყანას, რომლის წინააღმდეგაც სანქციები წესდება, ვფიქრობ, რომ ეს შედეგს ვერ მოიტანს“, მისი თქმით, ავსტრიის წარმოება იმდენადაა დამოკიდებული, რუსულ გაზზე, რომ მათ „არჩევანი არ აქვთ“. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარის თქმა ყველაზე მეტად  გერმანიას უჭირს. ცნობილია, რომ გერმანია რუსული გაზის ემბარგოს ჯერ არ ემხრობა, თუმცა თანახმაა ნავთობის იმპორტის შეზღუდვაზე. „ჩვენ რუსული ნავთობის მოხმარებას ზაფხულამდე გავანახევრებთ, შემდეგ ნულამდე დავიყვანთ. ანალოგიური მოხდება გაზთან მიმართებით მთელ ევროპაში. რადგან რუსული ენერგორესურსების გავლენიდან სრული გამოსვლა ევროკავშირის საერთო ძალისხმევით მოხდება“, - განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა აპრილში რიგაში ვიზიტისას. მანამდე კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე შეაჩერებს, რუსული გაზის შესყიდვაზე უარს კი 2024 წელს იტყვის. რუსული ნავთობის წილი გერმანიის იმპორტში 25%-ია. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ეს მაჩვენებელი 35% იყო. რუსული გაზის იმპორტი კი 55%-დან 40%-მდე შემცირდა. რუსული ქვანახშირის იმპორტი კი 50%-დან 25%-მდე.

გიორგი ბადრიძე: თუ ჩვენ დავრწმუნდებოდით, რომ NATO რეალური პერსპექტივა არ არის, მაშინ სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოგვეთხოვა

უკრაინის ომის პარალელურად, მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი ყალიბდება. გეოპოლიტიკური ფუნქციის და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, გარკვეული ქვეყნები საერთაშორისო საზოგადოებას ინიციატივებს და პროექტებს სთავაზობენ. სად არის საქართველოს როლი ამ ახალ გეოპოლიტიკურ სტრუქტურაში? დასავლელი პარტნიორების შემოთავზებული მხარდაჭერის გარდა, რა საკითხების ინიცირებას უნდა ახდენდეს საქართველო? გეოპოლიტიკურ ფუნქციასთან ერთად, გაზრდიდა თუ არა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს ანაკლიის პორტი და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დროული განხორციელება? ამ და სხვა საკითხებზე Europetime რონდელის ფონდის უფროსს მკვლევარს, საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსს, გიორგი ბადრიძეს ესაუბრა. გიორგი ბადრიძე: უკრაინის ომის შედეგი არის ის, რომ უკრაინულად და რუსულად მოსაუბრე მოქალაქეები გაერთიანდნენ, უკრაინელი ერის კონსოლიდაცია მოხდა. მივიღეთ კონსოლიდირებული, გაერთიანებული, გაძლიერებული ერი, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. გარდა ამისა, მივიღეთ დანარჩენი მსოფლიო, რომელმაც საბოლოო ჯამში, ხშირად ამორალურობასთან ზღვარზე მყოფი ფლირტი რუსულ რეჟიმთან საბოლოოდ დაასრულა. უფრო მეტიც, არამარტო დასავლურმა დემოკრატიამ ჩამოაყალიბა საბოლოოდ პოზიცია, არამედ რუსეთის პოტენციური მოკავშირე ავტოკრატიული რეჟიმებიც მთელ მსოფლიოში კარგ ხასიათზე არ უნდა იყვნენ, რაც რუსეთმა გააკეთა და თან წარმატებასაც ვერ მიაღწია. წარმატების შემთხვევაში, რუსეთის და ირანის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში უფრო გაძლიერდებოდა. დღეს ეს თანამშრომლობა მინიმუმზეა.  ჩინეთს რაც შეეხება, აშშ-ის მთავარ მეტოქედ, კონკურენტად მიიჩნევს თავს,  მაგრამ მისთვისაც არ არის მისაღები რუსეთის პირდაპირი შეტევა არა ზოგადად მსოფლიო წესრიგზე, არამედ, სწორედ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო სისტემაზე. ჩინეთს ეს არ აწყობს. იმიტომ, რომ მისი მთავარი არგუმენტი ტაივანის შემთხვევაში არის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. სწორედ  ამ პრინციპს შეუტია რუსეთმა და მგონია, რომ კბილებს იტეხავს. ET: რუსეთის წინააღმდეგ სანქცია და ბევრი სახის დახმარება რაც უკრაინამ მიიღო, ინიცირებული იყო თვითონ უკრაინის მხრიდან. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ საქართველო და მოლდოვაც საფრთხის წინაშე არიან. უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად, საქართველომ რა საკითხების ინიცირება უნდა გააკეთოს, გარდა იმისა, რასაც, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები თვითონ გეგმავენ და გვთავაზობენ? ომის დაწყებამდე უკრაინული დიპლომატია უკიდურესად პროაქტიური იყო. მაგალითად, პოლონეთთან და ბრიტანეთთან ერთად, ახალი რეგიონული ალიანსის ჩამოყალიბება ომამდე გამოცხადდა. საქართველომ ამ ახალ რეგიონულ ალიანსთან, არათუ შეერთებაზე არ გამოიჩინა ინიციატივა, ან ინტერესი, საერთოდ კითხვებითაც არ მიუმართავს ამ სამი ქვეყნის მთავრობებისთვის. რას წარმოადგენს ეს ალიანსი, რა შინაარსით არის დატვირთული. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ყველა ის საფრთხე ემუქრება, რომლის წინაშეც უკრაინა მოქმედებდა. მეორე, როდესაც ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის პეზიდენტ ზელენსკის უკრაინიდან ევაკუაციას სთავაზობდნენ, მან ალბათ პირველად გააოცა დანარჩენი მსოფლიო, როცა გამოაცხადა, ევაკუაციაში დახმარება არ მჭირდება, თქვენგან მხოლოდ იარაღით დახმარებას მივიღებ, რადგან არასად არ მივდივარ და ჩემი ერის დაცვას ვუდგები სათავეშიო. უკრაინამ რაღაც პერიოდი მარტომ იბრძოლა. მართალია მას პარტნიორებისგან უკვე მიღებული ჰქონდა გარკვეული თავდაცვითი შეიარაღება, თუმცა საკმაოდ მარტივი. მიუხედავად ბარიერებისა, რომლებიც იარაღის მიღებას ხელს უშლიდა, გმირულად, პროფესიონალურად დაიცვეს თავიანთი ქვეყანა.   იარაღის მწარმოებელი ქვეყნები, საკუთარ მაღალტექნოლოგიურ იარაღს სხვა სახელმწიფოს მარტივად ვერ ანდობენ. ნდობა უნდა დაიმსახურო. უკრინამ აჩვენა, რომ არამარტო შეიძლება, ანდონ ეს იარაღი, არამედ, ის ყველაზე საუკეთესო ფორმით იქნება გამოყენებული. ამ ფონზე, საქართველო უკრაინასთან ცივი ომის მდგომარეობაში იმყოფება. ამის მერე, ვინც მომიყვება რომ ჩვენ უკრაინელებს მხარს ვუჭერთ, ძალიან სამწუხარო ფაქტები შემიძლია, დავუდო. ერთადერთი გამონაკლისი, არის ხმის მიცემა საერთაშორისო ორგანიზაციებში, გაეროსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ქართველი ხალხის მხარდაჭრის მიუხედავად, საქართველოს მხრიდან, ოფიციალურად, არამარტო მხარდაჭერა არ გამოხატულა, უკრაინის  ხელისუფლებასთან პრაქტიკულად, ცივი ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ათას სხვადასხვა წვრილმან თუ სერიოზულ საკითხში მათი დადანაშაულება ხდება. მართლაც რომ არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, მიმდინარე მოვლენების ფონზე ყველაფერი გვერდზე უნდა გადადებულიყო. პირველ რიგში, მორალური და ზნეობრივი პოზიციიდან, მეორე -  წმინდა სტრატეგიული მოსაზრებიდან გამომდინარე, რადგან საქართველოს ბედი უკრაინასთან ასე პირდაპირ არის მიჯაჭვული. უკრაინას იმ სამ დღეში, რომ წაეგო ომი, როგორც ეს რუსეთს წარმოედგინა, შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ საქართველოში ღია პრორუსული რეჟიმი გვექნებოდა. დღეს თუ რაღაც შეფარული პრორუსულობა გვაქვს, დახურული სატელეფონო არხებით საუბრობენ, მგონია, რომ უკრაინის მარცხის შემთხვევაში, პირდაპირ რუსული რეჟიმი გვექნებოდა აქ. ET: საექსპერტო საზოგადოებას რა ინიციატივები აქვს, თქვენი აზრით, რას უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით? პირველ რიგში ვიტყვი, რა არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, რაც აქამდე უნდა გაეკეთებინა. ომის დაწყებამდე, როდესაც იძაბებოდა ვითარება, ეროვნული უსაფრხოების საბჭოს სხდომის მოწვევაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ეს რაზე მეტყველებს? საქართველოს ხელისუფლება ვერანაირ სერიოზულ ვითარებას ვერ ხედავდა, რომ საჭირო იქნებოდა, ჩვენი, სხვადასხვა უწყების და პოლიტიკური ინსტიტუტის ერთმანეთთან კოორდინაცია და აზრების შეჯერება?!  მეორე საკითხი - როდესაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადის მოზღვავება დაიწყო, ასევე, კატეგორიული უარი განაცხადა, რომ არანაირი დამატებითი კონტროლის მექანიზმს არ შემოიღებდნენ. იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ შარშანაც გვქონდა რუსი ტურისტების დიდი რაოდენობის შემოდინება, არის აბსურდი დაძალიან სულელ ადამიანებზე გათვლილი. თუ თვითონ არ ესმით, მაშინ მე უნდა გავაგებინო, რომ ეს ხალხი არა ტურისტები, არამედ, რუსი მიგრანტები არიან, რომლებმაც თვითონაც არ იციან, უკან როდის დაბრუნდებიან. არ იციან შემოსავალი გაუგრძელდებათ თუ არა და შეძლებენ თუ არა დაქირავებული ბინების ქირის გადახდას გარკვეული დროის შემდეგ. მათ შორის, ვინ რას წარმოადგენს, ამის გარკვევას სჭირდება ელემენტარული კონტორლის მექანიზმი, თუნდაც, ელექტრონული ვიზის შემოღება. მესამე - საბაჟო პროცედურების რაიმე ახალი ფორმის დამატებითი კონტროლის დაწესება. ჩვენმა ხელისუფლებამ არ იცის, რომ ბელორუსის ნაცვლად, ახალი რომელიმე დერეფანი სჭირდება? არ იცის, რომ რუსეთი საქნცირებული ტვირთების შესატანად და გამოსატანად ახალი დერეფნის გამოყენებას ეცდება? სხვადასხვა ფინანსური თუ სერვისების განსახორციელებლად, რუსეთი აშკარად ეცდება საქართველოს გამოყენებას. როდესაც კატეგორიულად ამბობ, რომ რუსეთთან საბაჟო კონტროლზე არაფერს შეცვლი, ამით რა სიგნალს უგზავნი საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ, პირველად არის ასეთი მობილიზებული, რუსეთისგან მისი დემოკრატიული მეზობლების დასაცავად. 1991 წლიდან 2014 წლამდე ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, სწორედ ის იყო, რომ რუსეთს ბევრი რამ გასდიოდა, ჩვენ მიმართ და სხვა მეზობელების მიმართ, რადგან დასავლეთში რუსეთის პრიორიტეტი არსებობდა. ჯერ ჰქონდათ ილუზია, რომ რუსეთი დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნებოდა და ამაში უნდა დახმარებოდნენ.   1996 წლის არჩევნებზე ბორის ელცინის პოზიციების შესანარჩუნებლად, რომლის მთავარი მოწინააღმდეგეც კომუნისტების ლიდერი იყო, ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდნენ, ან არ ესმოდათ. მერე, პუტინს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უბედავდნენ და ყველაფერი შერჩა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც იქნა, პირველად, 2014 წელს, პუტინს სანქციები დაუწესეს. სწორედ მაშინ დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინისგან  და უკრაინული სანქციებისგან აქტიური გამიჯვნა. ეს მაშინ, როდესაც უკრაინაში სააკაშვილის ფაქტორი ჯერ არ არსებობდა. იმის ძახილი, რომ ჩვენ უკრაინასთან კარგი ურთიერთობა იმიტომ არ გვაქვს, რომ იქ ჩვენი ოპოზიციონერები შეიფარეს, თუნდაც ძებნილები და ა.შ, აბსოლუტურად მოკლებულია რაიმე შინაარსს. უკრაინისგან დისტანცირება და ანტიუკრაინული პოლიტიკა, სახელმწიფო პოლიტიკად, ჯერ კიდევ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლამდე იქცა. ახლა რაც ჩამოვთვალე, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთისთვის არაფრის მოთხოვნა და ინიცირება არ სურს. ნორმალური ქართული ხელისუფლება ჯერ კიდევ 2014 წელს, ორივე ხელით ჩაეჭიდებოდა დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ შეცვლილ პოზიციას და უკრაინასთან საერთო ბლოკის შექმნას შეეცდებოდა. ამ შემთხვევაში სანქციებს დაუწესებდნენ არამხოლოდ უკრაინის გამო, არამედ საქართველოს გამოც. უკრაინაში ახალი არაფერი გაუკეთებია, რაც მანამდე საქართველოში არ ჰქონდა გაკეთებული. ჩვენ მიზანმიმართულად გავემიჯნეთ 2014 წლის სანქციებს. ამასთან დაკავშირებით, 2014 წლის ივლისში, ირაკლი ღარიბაშვილმა  BBC-ის კორესპოდენტს სრულიად გასაგებად ჩამოუყალიბა პოზიცია.  პროდასავლური ხელისუფლება აქტიურად შექმნიდა ბლოკს უკრაინასთან და აქტიურად მოითხოვდა იმას, რასაც დღეს უკრაინა დასავლეთისგან. თუ ამის ადრე მიხვედრა გაუჭირდა, ომის და დასავლეთის პოზიციის ფონზე მაინც უნდა მოეხერხებინა და აქტიური კონსულტაციები უნდა დაეწყო ბრიტანულ-პოლონურ-უკრაინულ ბლოკთან, ევროკავშირთან და აშშ-ის ადმინისტრაციასთან. პირველ რიგში, უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე, ვიდრე საქართველო NATO-ში გაწევრიანებას შეძლებდა. შემდეგ, იმ ბარიერების გადალახვაზე დისკუსიებს დაიწყებდა, რომელიც ჩვენ, NATO-ს წინაშე აღმოგვაჩნდა. თუ ჩვენ დავრწმუნდებოდით, რომ NATO რეალური პერსპექტივა არ არის, მაშინ  სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოგვეთხოვა, რომელთანაც დღეს უკრაინა ბევრად უფრო ახლოს არის, ვიდრე ჩვენ. ET: ამ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საქართველოს რას მოუტანდა ანაკლიის პორტის და ნაბუქოს, ახლა უკვე „სამხრეთ დერეფნის“ გაზსადენის მსგავსი პროექტები? პატარა სახელმწიფოების ერთ-ერთი მთავარი თავისებურება არის ის, რომ მხოლოდ ისეთი მცირე სახელმწიფოები ახერხებენ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომლებსაც საერთაშორისო ფუნქცია აქვთ. გეოგრაფიულად, საქართველოს ეს ფუნქცია მინიჭებული აქვს, დამაკავშირებელია კასპიის ზღვის რეგიონსა და შავი ზღის რეგიონებს შორის. თეორიულად, თუ თეირანი დასავლეთან ურთიერთობებს მოაგვარებს, შესაძლოა, ირანისთვისაც კი, შავ ზღვაზე გასასვლელი დერეფანი გავხდეთ. ჯერჯერობით, ირანი ისევ სანქციებშია და ვნახოთ. შეიძლება, რუსეთის ამბებმა გეოპოლიტიკური ვითარება ბევრ ადგილას შეცვალოს. ამის იმედად ვერ ვიქნებით და ვერ დაველოდებით. საქართველოს უნდა ჰქონოდა უნარი დიდი ოკეანური კონტეინერმზიდები მიეღო, ღრმაწყლოვან პორტში. რომელიც დიდი ალბათობით, ამ ხელისუფლების შეგნებული  პოლიტიკის გამო არ გვაქვს. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროექტი არ შემდგარიყო. მეორე, როდესაც შენ ხარ ერთადერთი გასასვლელი შავ ზღვაზე, აზერბაიჯანისთვის სომხეთისთვის და იქით ცენტრალური აზიის ქვეყებისთვის, რომელთა ეკონომიკა, დიდწილად შეფერხებულია იმის გამო, რომ რუსულ სატრანსპორტო კავშირებზე არიან მიჯაჭვული; როდესაც რეგიონში შავ ზღვაზე გასასვლელის მხრივ, მონოპოლისტი ხარ, ამ დროს შენი რკინიგზის სისტემა ბანკროტია, უვარგისი, ჩამოშლილი,  ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირი მავნებლობის შედეგი. საქართველოს აქტიურად უნდა ემუშავა საკუთარი ინფრასტრუქუტურის განვითარებაზე, ასევე, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან მათი ტვირთების მოსაზიდად, რაც მარტო ეკონომიკურს კი არა, პოლიტიკურ შედეგებსაც მოიტანდა. ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, სამხრეთ კავკასიის დერეფანი რაც უფრო მეტად იქნება გახსნილი, მათი რეალური პოლიტიკური სუვერენიტეტი რეალური შინაარსით დაიტვირთება. ვიდრე ისინი ეკონომიკურად, ექსპორტის დერეფნით, რუსეთზე არიან დამოკიდებულნი, ბუნებრივია, რუსეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ დარჩებიან. ჩინეთმა ამ ქვეყნების არჩევანს ბევრი არაფერი შემატა. ვიდრე ცენტრალური აზიის ქვეყნები, რეალურ სანდო დერეფანს მოიპოვებენ, ასეთ მდგომარეობაში დარჩებიან. უზარმაზარი პერსპექტივა აქვს ამ საკითხს და ძალიან უნდა გინდოდეს რომ ეს არ შედგეს. უფრო გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა რომ გვქონოდა, რაში გამოგვადგებოდა ეს - როდესაც შეერთებული შტატები ავღანეთიდან გამოდიოდა, ავღანეთიდან მილიონობით ტონა ტვირთი წამოვიდა და ჩვენ პრაქტიკულად, ვერ შევასრულეთ ერთ-ერთი გადამზიდავის ფუნქცია, რომელიც საქართველოს უზარმაზარ შემოსავალს და გეოპოლიტიკურ ფასეულობას მოუტანდა აშშ-ის თვალში. ბევრ სხვადსხვა პროექტზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ერთ მთავარზე შევთანხდეთ, ანაკლიის პორტის პროექტი არამარტო გადადებულია, არამედ, მოკლული, რაც საქართველოს უმცირებს იმ საერთაშორისო ფასეულობას, რომელზეც ვისაუბრეთ. ამის გარეშე საქართველო ჩვენი პარტნიორებისთვისაც არ იქნება იმდენად ფასეული, როგორც სხვა შემთხვევაში. მარტო ის რომ, ჩვენ ვატარებთ ნავთობს და გაზს, კი მნიშვნელოვანია, თან ამ ფუნქციის გაზრდაც შეგვიძლია, თუკი გვექნება მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან, თურქმენეთთან და ევროპელ პარტნიორებთან, თურქმენული გაზის ყაზახური ნავთობის დასამატებლად, ჩვენი გავლით საერთაშორისო ბაზარზე გასატანად, მაგრამ ნავთობის და გაზის ხანა დიდხანს არ გასტანს. ჩვენ ამისთვის უნდა დაგვემატებინა სახმელეთო დერეფანი ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტვირთებისთვის, რომელიც შეიძლება, ჩინური ტვირთების მარშუტად განიხილებოდეს. უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს ხელიდან გაშვებული და რის გამო? არაფრის გამო! იმისათვის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას, თავის მომკვდარუნების პოლიტიკას. რა იმედით? რუსეთის მიზნები შეიცვლება საქართველოს მიმართ?! იმის ძახილი, რომ აი, ნახეთ თავს არ გვესხმის. ასევე ძალიან სერიოზული პრობლემა შეიძლება იყოს, როდესაც რუსეთი არ გერჩის. ესეიგი მისი სცენარით მოქმედებ და რეალურად, უპერსპექტივობაში მიდიხარ. ET: ანაკლიის პორტის აშენება, იგივე სახმელეთო სტრანსპორტო დერეფნის მასშტაბების გაზრდა, გაზრდიდა თუ არა საქართველოს სამხედრო უსაფრთხოების გარანტიებსაც? რა თქმა უნდა! მთავარი აზრი სწორედ ამაშია.  იმისთვის, რომ მცირე ზომის სახელმწიფომ მოკავშირეების მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები მოიპოვოს, ამისთვის რაიმე ფასეულობას უნდა წარმოადგენდეს. როგორც წესი, სწორედ ამგვარი ფასეულობის გამო, ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი სატრანზიტო, სატრანსპორტო ფუნქციის შესრულების გამო, საქართველო შეიძლება, ყოფილიყო უფრო ფასეული პარტნიორი და იგივე ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უფრო აქტიურად შეძლებდნენ საკუთარი ამომრჩევლის დარწმუენბას, თუ რატომ იმსახურებს საქართველო სამხედრო უსაფრთხოების და ფინანსურ დახმარებას. დასავლეთის ქვეყნების მთავრობები ასე მარტივად ვერ წყვეტენ მსგავს საკითხებს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში მთავრობები საკუთარი ამომრჩევლის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები. მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, რატომ უნდა დაიცვან საქართველო რუსეთის აგრესიისგან. აქ  ორი მთავარი საკითხის კომბინაციაა. ერთი, რომ საქართველო გეოპოლიტიკურად და გეოეკონომიკურად რაღაც ფასეულობას წარმოადგენს და მეორე, იმიტომ, რომ იმსახურებს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და დემოკრატიული საზოგადოება. ბოლო წლებში, ორივე ამ კომპონენტში გავქვს სრულიად გამოკვეთილი და მიზანმიმართული უკუსვლა. ჩვენი ინფრასტრუქტურა დღეს დიდი მოცულობის ტვირთების გადაზიდვის საჭიროებებს და მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს და მეორე, ჩვენი დემოკრატია რეგიონშიც კი მოწინავე აღარ არის. ET: ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, როგორ ვითარდება აშშ-საქართველოს ურთიერთობები და რა ეტაპზეა? საქართველო აშშ-ის ფინანსურ დახმარებას მრავალი წლის განმავლობაში იღებდა. ზოგჯერ, 100 მილიონსაც აჭარბებდა. განსაკუთრებულ პერიოდებში, მაგალითად, 2008 წლის შემდეგ ბევრად უფრო დიდი დახმარება მივიღეთ. მაგრამ წლების განმავლობაში ამ დახმარების შემცირებას ვხედავთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველო უნდა იყოს აქტიური თავისი დიპლომატიური ურთიერთობებით და იმის ჩვენებით, რომ მისი დემოკრატიული რეფორმები, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ფასეულობა ასაბუთებს იმ დახმარებას, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს უნდა სთხოვოს. ჩვენ ამის არგუმენტები არ გვაქვს. უფრო მეტიც, მე ვივარაუდებ, რომ შეერთებულ შტატებში განსაკუთრებულად აკვირდებიან იმას, თუ რა კონტაქტები აქვს საქართველოს რუსეთთან, სულ მცირე რუსულ ბიზნესებთან, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებასთანაც. აკვირდებიან, საქართველოს გარკვეული სტრუქტურები და ცალკეული ადამიანები სანქციების პირობებში ხელის მოთბობას ხომ არ ცდილობენ.

გიორგი ბადრიძე: აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინში შევიდა, თუმცა მოსკოვს ბაქოსთვს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია

დღეს, 26 აგვისტოს, აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში შევიდა, რომელიც 1992 წლიდან არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, იქ რუსი სამშვიდობოები განთავსდნენ. ახლა კი აზერბაიჯანმა ეს ტერიტორია ბოლომდე დაიბრუნა. ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის არმია ლაჩინში შევიდა ამ ფაქტს, Europetime-თან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე გამოეხმაურა. ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია აზერბაიჯანისთვის, ვითარება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე შეიცვალა. „რეალობა ისაა, რომ შექმნილ პირობებში რუსეთს არ გააჩნია იმის რესურსი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს აზერბაიჯანს, რომელიც მოქმედებს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საფუძველზე და სრულად იყენებს წლების განმავლობაში დაგროვილ სამხედრო და პოლიტიკურ სიძლიერეს“. სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული 45- დღიანი ომის შემდეგ მოსკოვის შუამდგომლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ, რომლებიც აკონტროლებდენ ლაჩინის კორიდორს, რაც სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებდა ყოფილ მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან. BBC: რუსეთმა ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს გადასცა ილჰამ ალიევის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის არმია დისლოცირებულია ქალაქ ლაჩინში. კონტროლს ექვემდებარება სოფლები ზაბუხი და სუსი. მანამდე ბერძორის (ლაჩინი), აღავნოს (ზაბუხის) და ნერკინ სუს (სუს) თემების მცხოვრებლებმა სახლები დატოვეს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ლაჩინის დერეფნის ახალი მარშრუტი, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან დააკავშირებს, მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ კვირაში ამოქმედდება. ამის შესახებ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ჰაიკ ხანუმიანმა „არსენპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა Europetime-თან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ საკვანძო მნიშვნელობის ექვსკილომეტრიანი გზის, ლაჩინის დერეფნის დაკავების შემდეგ აზერბაიჯანი უპირატეს მდგომარეობაშია.  „ლაჩინის დერეფნის დაკავება აზერბაიჯანს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს სომხეთთან მოლაპარაკებაში, რათა აიძულოს უკანასკნელი შეასრულოს უკვე მიღწეული შეთანხმება ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე, რომლითაც აზერბაიჯანი დაუკავშირდება ნახიჩევანს - თავის ექსკლავს“, - ამბობს ბადრიძე. „ზანგეზურის დერეფანი“ სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთს. პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. სომხეთი თვლის, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ იმ მონაკვეთზე, რომელიც სომხეთზე გაივლის სუვერენიტეტი უნდა ვრცელდებოდეს. ამ ეტაპზე მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არაა დადებული, მაგრამ ბიზნეს სექტორის ნაწილი უკვე ემზადება „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნისათვის. ამ მოვლენებამდე, ლაჩინის დერეფნის საპირწონედ, აზერბაიჯანული მხარე  ნახიჩევანის კორიდორის გახსნას ითხოვდა. ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ტერიტორიული ექსკლავია. რესპუბლიკა აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით სომხეთს (საზღვრის სიგრძე 221 კმ), სამხრეთითა და დასავლეთით ირანს (179 კმ) და ჩრდილო-დასავლეთით თურქეთს (15 კმ) ესაზღვრება.